თელავის თეატრმა პრორუსულ ალტ-ინფოს შეხვედრისთვის შენობა დაუთმო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ცნობით, თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ, ჰომოფობიურ და ძალადობრივ ალტ-ინფოს შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო. მათი ცნობით, შეხვედრა 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. თეატრს სახელმწიფო აფინანსებს და მისი ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თელავში ჩატარებულ შეხვედრაზე ღიად პრორუსული ძალის წარმომადგენლებმა “ანტიმაიდნის” მნიშვნელობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შოთა მარტინენკომ დაადასტურა, რომ ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან.
„ახლა უშუალოდ გვიდგას ორი ამოცანა. ერთი არის „ანტიმაიდნისთვის“ ეფექტური ორგანიზება და მეორე, მომავალი წლისთვის იგეგმება არჩევნები. ის ღონისძიებები, რომლებიც ახლა გატარდება, ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება იმ ერთობის შესაკრავად, რომელიც მომავალ წელს არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის დადებაში დაგვეხმარება’’,-განაცხადა თელავში შეხვედრაზე შოთა მარტინენკომ.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით ლოიალურია. ერთი მხრივ, შსს „ანტიმაიდანთან“ დაკავშირებული ძალადობრივი განცხადებების გამო გამოკითხვაზე იბარებს ზურაბ მახარაძეს, მეორე მხრივ კი, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი.
“თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77 309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, პაატა გულიაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ადასტურებს, რომ ალტ-ინფოს შეხვედრის გამართვისთვის თეატრის შენობა დაუთმეს. მისი თქმით, თეატრის სივრცე იჯარით გაიცა.
“შემოვიდა წერილი იჯარასთან დაკავშირებით და როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გადაიხადეს თანხა და ჩაატარეს ღონისძიება. არ აქვს მნიშნელობა ,,ნაცია“, ,,ქოცია“ თუ ალტ- ინფო. იყო საშუალება და მივაქირავეთ”, — აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას პაატა გულიაშვილი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ისინი აგრძელებენ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ აქტივობების მონიტორინგს. ისინი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავენ.
,,ღიად პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება. მას შეხვედრისთვის სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ. 2023 წლის 18 სექტემბრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადების შემდეგ, ულტრამემარჯვენე რადიკალური მოძრაობის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ზურაბ მახარაძემ, გიორგი ქარდავამ, ირაკლი და შოთა მარტინენკოებმა „ანტიმაიდანი“ დააანონსეს. 2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრორუსული დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია თანამოაზრეთა მობილიზაცია და საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული, შეკრული დაჯგუფებების შექმნა.
ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა. რეგიონული ვიზიტები „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერებმა 2023 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყეს. დაჯგუფებამ შეხვედრები ოთხ ქალაქში – თელავში, გორში, რუსთავსა და მცხეთაში გამართა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე, ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის და 2023 წლის 8 ივლისის ორგანიზატორები’’,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ ალტ-ინფოს ოფისები კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს, სადაც ბოლო პერიოდში აქტივობა შეინიშნება. განსაკუთრებით აქტიურია ოფისი თელავში, სადაც შეხვედრები ხშირად იმართება.