„ლოლაძეების ფერმამ“ ლაგოდეხში, კივანოს და სხვა ერთწლიანი კულტურების წარმოება შეაჩერა
„ლოლაძეების ფერმამ“ კივანოს და სხვა ერთწლიანი კულტურების წარმოება შეაჩერა. როგორც ფერმის თანადამფუძნებელი ლაშა ლოლაძე საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
მისი თქმით, მარკეტები ადგილობრივ პროდუქტს მცირე რაოდენობით ყიდულობდნენ, ხარჯები და მოგება კი ერთმანეთს ვერ აბალანსებდა.
როგორც ლაშა ლოლაძე ამბობს, დიდი ქსელებში ძირითადად იმპორტიორები შედიან, რომლებიც მაღაზიებს ეგზოტიკურთან ერთად, სხვა პროდუქტებითაც ამარაგებენ, შესაბამისად, მათთვის დისტრიბუცია უფრო მარტივია.
შეგახსენებთ, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ეს არის მამის და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ეგზოტიკური პროდუქტებით გამოჩნდნენ. კივანო, მინი კივი, პეპინო, ოკრა – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია ლაგოდეხში აწარმოებდა.
„ამ ეტაპზე, კივანოს და სხვა ერთწლიან კულტურებს აღარ ვაწარმოებთ, სხვადასხვა მიზეზების გამო. ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ სატრანსპორტო კოლაფსია, ანუ, სადისტრიბუციო კომპანია ვერ მოიძებნა, რომელიც მაღაზიებს მოამარაგებდა. ახლა მრავალწლიან ნარგავები გვაქვს მხოლოდ, მინი კივია ასეთი.
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ საჭიროა გამართული დისტრიბუცია. მარკეტები მცირე რაოდენობით ყიდულობენ და ჩვენთვის ხარჯი დიდია. ქსელებში იმპორტიორებს შეაქვთ, რომლებსაც უამრავი სხვა პროდუქტიც აქვთ და არ უჭირთ ტრანსპორტირება. ჩვენ შემთხვევაში, როცა მცირე რაოდენობებზეა საუბარი, რთულია. ბევრმა დამირეკა და რჩევა მკითხა, შემდეგ მოიყვანა კივანო, მაგრამ ბაზარზე ყველას გაუჭირდა“,- ამბობს ლაშა ლოლაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.