ახალი ამბები

ფიზიკური პირებისთვის, უძრავი ქონების გაყიდვისას, გარკვეულ შემთხვევებში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება

2024 წლიდან ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვისას, გარკვეულ შემთხვევებში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება.

უძრავი ქონების დარგის ექსპერტები მოსახლეობას იმ ცვლილებაზე აწვდიან ინფორმაციას, რომელიც „საგადასახადო კოდექსში“ უკვე შევიდა და მომდევნო წლიდან ამოქმედდება. კერძოდ, თუ მოქალქე ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს, მისი შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაასხვისებს, ქონების გაყიდვის დეკლარირება და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის გადახდა, აქამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, გაცილებით ადრე მოუწევს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ “კრესტონ ჯორჯიას” მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა განუცხადა, საგადასახდო კუთხით არაფერი იცვლება, მათ შორის არც გადასახადის ოდენობა. ცვლილება მხოლოდ ადმინისტრირების წესში შედის.

„ეს კანონი რომ ამოქმედდეს 2024 წლიდან, გაყიდოს ფიზიკურმა პირმა ბინა და მოუწიოს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, ძალიან ბევრ ფიზიკურ პირს გამორჩება და დაავიწყდება დეკლარაციის ჩაბარება. თან, მით უმეტეს, ვსაუბრობთ არა მომდევნო წლის პირველ აპრილზე, არამედ, მომდევნო თვის 15 რიცხვზე. შესაბამისად, რამდენად მარტივად გადავალთ ამ ახალ რეგულაციაზე და ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის არ იქნება ეს პრობლემების შემქმნელი, დამოკიდებულია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო კამპანიაზე და გადამხდელთა ინფორმირებულობის დონეზე იმიტომ, რომ აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ ბიზნესზე, რომ ბიზნეს მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რომ რაღაც კანონი არ იცოდა, საუბარია ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეებზე“, – განმარტა “კრესტონ ჯორჯიას” მმართველმა პარტნიორმა.

შეგახსენებთ, თუ მოქალაქე ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს, მისი შეძენიდან 2 წლის შემდეგ გაყიდის, ის დაბეგვრას აღარ ექვემდებარება, თუმცა თუ 2 წელი არ არის გასული, ქონების ტიპის გათვალისწინებით, ნამეტი შემოსავალი 5% ან 20%-ით იბეგრება.