სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ
სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ.
შესაბამის მექანიზმზე მუშაობა სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს. როგორც „ინტპერესნიუსს“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, სოციალურად დაუცველი სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს.
„სოციალურად დაუცველი სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით გვაქვს ჩვენ სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. სწორედ ეს არის ამ პროგრამის პირველი ეტაპი. ამ პროგრამამ მინიმუმ, 2-3 წელი უნდა იმუშაოს.
შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ, მათ შორის, ამ ადამიანების მიერ. კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და ნაცვლად სოციალურად დაუცველისა, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ცალკე თემა იქნება, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ იმ პაკეტს, რაც სოციალურად დაუცველებს აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ,“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.