წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი „Grand Jury Du Vin“ გაიმართება
3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში, შვეიცარიული ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული „Grand Jury Du Vin“-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“.
მათივე ცნობით, საქართველო „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმს პირველად მასპინძლობს.
ღონისძიების, ფარგლებში, წინანდალში მსოფლიოს ღვინის პროფესიონალები – სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ღვინის ენთუზიასტები მოიყრიან თავს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, „ბორდო გრანდ კრუს“ კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები დააგემოვნონ.
ამასთანავე, „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმი მონაწილეებს კულტურულ პროგრამას წარუდგენს, სადაც სტუმრები როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ხელოვნებასა და გასტრონომიას გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით, კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება. ასევე, სიმპოზიუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გალა ვახშამს დაესწრონ, რომელსაც უმასპინძლებს იან ჰარტვიგი, მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფი და ირაკლი ასათიანი, „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი.
„საქართველოს ბანკი“ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მსოფლიოში აღიარებული „Grand Jury Du Vin“-ის სიმპოზიუმის მხარდამჭერები ვიყოთ, რომელიც საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტებსა და მოყვარულებს უმასპინძლებს. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ 8000 წლის მქონე ქართული ღვინის ისტორია, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე, რაც თავის მხრივ, ქართული მსოფლიო ბაზარზე ღვინის ექსპორტის ზრდას და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას ნიშნავს“, – აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
,,წინანდლის ღვინის სიმპოზიუმში მონაწილეობას ასოციაციის Grand Jury du Vin 25 წევრი მიიღებს. ამ ადამიანებს ღვინის ინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა აქვთ. ჩამოვლენ მსოფლიოს წამყვანი მეღვინეები, ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე, სომელიეები და ჟურნალისტები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ასევე იქნებიან ცნობილი მწარმოებლები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მათ შორის – „ოტ ბრიონ“, „ვევ კლიკო“, „ჰენესი“ და ა.შ. ამ 2-დღიანი ღონისძიების მიზანია, რომ ცნობილმა ჟურნალისტებმა და ღვინის ინდუსტრიის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა საქართველოს ტურიზმის პოტენციალი, განსაკუთრებით ქართული ღვინის, გასტრონომიის და კულტურის ხიბლი ზუსტად შეიგრძნონ. ქართველ მეღვინეებს კი, საშუალება ეძლევათ, საკუთარი ღვინოები მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს წარუდგინონ”,- განაცხადა გიორგი რამიშვილმა, „სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელმა.
ინფორმაციისთვის, წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი „სილქ როუდ ჯგუფის“ ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს ბანკისა“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.