პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოპოზიციიდან „გირჩი“, “ევროპელი სოციალისტები“ და ალეკო ელისაშვილი ესწრებიან
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ “გირჩის” დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და “ევროპელი სოციალისტები”.
საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“.
სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.
დღესვე, განხილვის შემდეგ, საკითხი კენჭისყრაზე დადგება. პრეზიდენტს იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება.