ახალი ამბები

საქართველოში პატიმრობისა და გირაოს გარდა, შესაძლოა, აღკვეთის ახალი ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა ამოქმედდეს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეების გაფართოების მიზნით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მომზადდა.

კანონპროექტი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გააცნო.

მომხსენებლის განცხადებით, დღეს მოქმედი კოდექსი აღკვეთი ღონისძიებების ხუთ სახეს ითვალისწინებს, საიდანაც ყველაზე ხშირად ორი – პატიმრობა და გირაო გამოიყენება.

ცვლილებების თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახეებს ახალი ღონისძიება – გადაადგილების შეზღუდვა დაემატება.

მისივე განმარტებით, ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღე-ღამის განმავლობაში (24 საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში.

აღკვეთის ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით მოხდება.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა აღნიშნა, ელექტრონული მეთვალყურეობის გამოყენებით, ახალი ღონისძიების – გადაადგილების შეზღუდვის შემოტანა პატიმართა რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.