ახალი ამბები

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

16 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა.

როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

„2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა”, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.