ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია „ახლა“ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია „ახლა“ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი. კამპანიის მიზანია, კახეთის რეგიონის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ახლა მოქმედების და რეფორმების მოთხოვნის დროა, რათა მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
გურჯაანის ახალი ღვინის ფესტივალზე კამპანია „ახლა“ ვიზიტორებს მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს და შეკრებილ საზოგადოებას იმ სიკეთეებზე მიეწოდოს ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში გაწევრიანებით მიიღებენ.
,,ასევე აჩვენოს ის მაგალითები თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ ევროკავშირს. მაგალითად, ევროკავშირის წევრობიდან სლოვაკეთში პენსიები, ხოლო ბულგარეთში ხელფასები 3 წელიწადში გაორმაგდა, ესტონეთში კი სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის გამო – სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წლით გახანგრძლივდა”,- აცხადებენ ორგანიზატორები.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი ორგანიზაცია „ისფედის“ წარმომადგენელმა, ქრისტინა ფარჯიანმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, კიდევ ერთხელ, დააფიქსიროს პოზიცია, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მოსახლეობის ურყევ მისწრაფებად რჩება და მოსთხოვოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და რეფორმების გატარება ახლა.
„ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და შემდგომ უკვე მისი წევრობა ნიშნავს, მეტ სამუშაო ადგილს, გამარტივებულ ვაჭრობას, წვდომას უდიდეს სამომხმარებლო ბაზარზე სადაც შესაძლებელი იქნება არამხოლოდ ქართული ღვინის არამედ სხვა უამრავი ნაწარმის გატანა. ამავდროულად ევროკავშირის წევრობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ გაიუმჯობესონ შემოსავალი და სოციალური დაცვა, შესაბამისად რეფორმები უნდა მოვითხოვოთ ახლა“ – განმარტავს ფარჯიანი.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებისთვის და გამორჩეულად კახეთისთვის, რომლის უხვი მოსავალი შესაძლოა მარტივად დაბინავდეს ევროკავშირის უზარმაზარ ბაზარზე, რაც ნიშნავს გაზრდილ შემოსავალს კახელებისთვის.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანიის კუთხის სტუმრობით ფესტივალის ვიზიტორ ყველა ასაკის ადამიანს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს მეტი ინფორმაცია ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ღირებულებების შესახებ. ასევე აიმაღლოს ცნობიერება სპეციალურად ევროკავშირი-საქართველოს შესახებ შექმნილი სამაგიდო თამაშის დახმარებით და მიიღოს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქარი.
კამპანია „ახლას“ შესახებ: კამპანია “ახლა“ კოალიცია ინფორმაციის სანდოობის ორგანიზებით აპრილის თვეში დაიწყო და ის წარმოაჩენს თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებები, აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმებს.
ის შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს საკუთარი შვილების მომავლისთვის და ძლიერი საქართველოსთვის მოსთხოვონ ხელისუფლებას გაატაროს ჯეროვანი რეფორმები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. კამპანია „ახლა“, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით დაიწყო. მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ არაერთ პარტნიორთან ერთად, კამპანია სხვადასხვა არხებისა და ღონისძიებების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით გაიშლება.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის:
ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/infointegritycoalition