ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს კახეთში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, ანიკო ლევაის კახეთში უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს წინანდლის მამულში, ალავერდის მონასტერში და ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში უმასპინძლა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრებმა საწნახელი დაათვალიერეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.

ისინი ასევე ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში იმყოფებოდნენ. მათ მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია თეოდორამ უმასპინძლა.
მეუფე იაკობმა და მონასტრის წინამძღვარმა პრემიერ-მინისტრთა მეუღლეებს საჩუქრად აზარფეშა და უძველესი ქართული ქვევრის სუვენირი გადასცეს, ასევე − მონასტრის დედების მიერ ამოვლებული ჩურჩხელები, კალენდარი და ბუკლეტი წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ.

პრემიერ-მინისტრებმა მეუღლეებთან ერთად ასევე ალავერდის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს. სტუმრებს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.

პრემიერებმა უძველესი მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერეს. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერებმა ასევე დააგემოვნეს ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის მარანში უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ქვევრის ღვინო.

ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ ორბანი ალავერდის სამონასტრო კომპლექსში უნგრეთის დელეგაციასა და საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.