ახალი ამბები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

მათ აფენის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს და ელექტროენერგიის მიწოდებაში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ბოლო 15 წელია რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, რაც პრობლემას უქმნით.

“ფაქტობრივად ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, გვიფუჭდება პროდუქტი და ტექნიკა. იძულებულები ვართ შევიძინოთ გენერატორები, რაც დამატებითი ხარჯია. ვითხოვთ, რომ ნორმალურად მოგვაწოდონ დენი,”- ამბობენ ადგილობრივები.

აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და ენერგო- პრო- ჯორჯიას ლაგოდეხის ფილიალის ხელმძღვანელი მივიდნენ. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი ელექტროქსელის გაუმჯობესებისათვის მუშაობენ და პრობლემებიც ამას უკავშირდება.

“სოფელ აფენის ენერგომომარაგების გაუმჯობესებისთვის საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩატარდა, გამოიცვალა მოძველებული საყრდენები, შეკეთდა ან სრულად განახლდა ქსელის დიდი ნაწილი. შესაძლოა პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, კომპანია მუშაობს, რომ ნელ-ნელა ყველა პრობლემა გადაიჭრას არა მარტო ამ სოფელში, არამედ მთელ მუნიციპალიტეტში”- განაცხადა ენერგო-პრო-ჯორჯიას წარმომადგენელმა ბეგი სიყმაშვილმა.

პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში, ლაგოდეხის სოფლების მოსახლეობა პერმანენტული აქციებით იმუქრება.