ახალი ამბები

2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება

2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, ვისაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე უსრულდება.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„განვიხილეთ სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებული საკითხი. დიდი ინტერესი და მშობლების მხრიდან მომართვაა ბოლო წლებში და ამ საკითხზე და ცვლილება დავიწყეთ 2 წლის წინ.

სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა.

ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1-ელ დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება.

ეს გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი და თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავში არაა სკოლისთვის მზად, ბაღს ვუტოვებთ ვალდებულებას და მშობელს შეუძლია დატოვოს ბაღში და ერთი წლის შემდეგ შეიყვანოს”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მისივე თქმით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველკლასელი დამატებით, დაახლოებით 5 ათასი ბავშვი გახდება.