ახალი ამბები

საგარეჯოში, ღვინის მწარმოებელი კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მოქმედი ღვინის მწარმოებელი კომპანია “გიდა ვაინი” მიმდინარე წელს პირველი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, მაღაზია თბილისში, მთაწმინდის რაიონში გაიხსნება. ამ დროისთვის კი კომპანიაში აღნიშნული პროექტისთის მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, “გიდა ვაინის” პროდუქცია ამჟამად ღვინის მაღაზია “8000 მოსავალში” იყიდება, უახლოეს მომავალში კი დაგეგმილია სარეალიზაციო არეალის გაფართოება.

“გვინდა ჩვენი პროდუქციის რესტორნებში შეტანა და ასევე ექსპორტზე გატანაც.ამ ეტაპზე, უკვე რამდენიმე ქვეყანასთან აქტიური მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის, განიხილება ევროპის ქვეყნები, აშშ და ჩინეთი,”-აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს, რითიც ქვევრის ღვინოს აწარმოებს.

ცნობისთვის, კომპანია “გიდა ვაინი” საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარეობს და 2018 წლიდან ქვევრის ღვინოებს აწარმოებს, როგორიცაა ხაშმი საფერე, რომელიც მიკროზონაშია მოყვანილი, ასევე ხიხვი, რომელმაც WINE EXPO-ს ფარგლებში ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე ცოლიკაური, საფერავი როზე და ქისი.