ახალი ამბები

გომბორის გზის რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება

კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტის დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.
,,გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი. მიმდინარეობს როგორც მეწყრული მონაკვეთების პრევენციის ღონისძიებები, ისე რეაბილიტაცია და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება”.
დეპარტამენტისვე ინფორმაციით, ხდება გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
მოსახლეობას აღნიშნულ სამუშაოებს დადებითად აფასებს. ამბობენ რომ სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომელიც 33 კილომეტრს მოიცავს, გადასაადგილებლად უფრო უსაფრთხო იქნება.
,,ხშირად მიწევს გომბორზე გადაადგილება და აღარ იყო უსაფრთხო. საჭირო იყო მისი განახლება რადგან გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და გამოირჩევა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით. ტურისტებიც ამ გზით სარგებლობენ და ადგილობრივი მოსახლეობაც. ყველანაირი ტრანსპორტი გადაადგილდება და საფრთხეს ავირიდებთ თავიდან”, – აცხადებს ნიკო ზარდიაშვილი.
,,ისედაც რთული გზაა და ზამთარში განსაკუთრებით, მოძრაობა ხშირად იზღუდება უამინდობის გამო. გამართული უნდა იყოს ყველა მონაკვეთი. ამის გარდა, ჩქარი სვლით არუნდა იმოძრაოს ტრანსპორტმა. ძალიან ხშირად ვსარგებლობ ამ გზით და ყოველთვის ნელა გადავაადგილდები იმის მიუხედავად როგორი გზაც არ უნდა იყოს”, – ამბობს მაკო გელაშვილი.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გომბორის გზაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას წლებია ითხოვდა. დავით მესხიშვილი განმარტავს რომ ცხელ მონაკვეთებზე სიტუაციის განსამუხტად საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.
,,უსაფრთხოების არანაირი ზომა არ არის მიღებული მეწყერსაშიშ ადგილებზე და არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსებული. გაუქმებული და განადგურებულია საფეხმავლო ბილიკები, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილდება საავტომობილო გზის უკიდურესად საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე. საგზაო მონიშვნები აღარ აღიქმება რადგან მოძველებულია. იქ სადაც საგზაო მონიშვნა ჯერ კიდევ იკითხება, წყვეტილი ხაზით დახაზულია გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც წესით გასწრება კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს. გზა დაუყოვნებლივ საჭიროებდა შეკეთებას, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს’’, – განმარტავს დავით მესხიშვილი.