ახალი ამბები

თელავის სასამართლომ, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, თანასოფლელის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე პროკურატურამ არგუმენტად მოიშველია ბრალდებულ თემურ ოთინაშვილის პირადი კავშირები მოწმეებთან, სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ტიპის იარაღი, რის საფუძველზეც პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარე კი ბრალდებულისათვის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

თავად ბრალდებულმა, მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და დუმილის უფლება გამოიყენა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ ჭიკაანში მომხდარი მკვლელის მოტივი ყოფით ნიადაგზე დაწყებული დავა იყო. ფაქტის დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ნოემბერს ჩატარდება.

მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს მოხდა. ოთინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი, 47 წლის გელა გუჩმაზაშვილი მოკლა.