თელავის უნივერსიტეტის რამდენ სტუდენტს შეეხება დავალიანების განულების ინიციატივა
მთავრობის ინიციატივით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ. სიახლე დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს შეეხება, რომლებსაც 40 მილიონი ლარის დავალიანება აქვთ.
ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უნივერსიტეტების ნაწილი სიახლეს დადებითად შეხვდა და სტუდენტებისთვის დავალიანების განულების ინიციატივას შეუერთდა. მათ შორის ერთ-ერთია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე თათულიშვილი აცხადებს, უნივერსიტეტის 300-მდე სტუდენტს აქვს შესაძლებლობა აღიდგინოს სტატუსი და გააგრძელოს სწავლა. მსურველებმა სტუდენტის სტატუსის აღდგენაზე უნივერსიტეტს 15 ოქტომბრამდე უნდა მიაკითხოს.
,,ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო სტუდენტების დასახმარებლად. მემორანდუმს, რომელიც განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტების რექტორებს შეთავაზა, თელავის უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა ხელი. ამის მიზანს წარმოადგენს ერთობლივი საქმიანობის განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსშეჩერებული სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების ხელშეწყობასთან.
ეს ეხება იმ სტუდენტებს, რომლებსაც 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით აქვთ სტატუსი შეჩერებული და აქედან არ არის გასული 5 წელი. ამ ყველა სტუდენტს გაუნულდება არსებული დავალიანება. ამისთვის მსურველები ადგილზე უნდა მოვიდნენ და განცხადება დაწერონ. რათქმაუნდა უკვე გვაქვს მომართვიანობა. 180-მდე სტუდენტია, ვისაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, თუმცა გვყავს ისეთი კატეგორიაც, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული პირადი განცხადების საფუძველზე. მათაც აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა. ანუ მთლიანობაში 300-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული ინიციატივით ისარგებლოს.
გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, თელავის უნივერსიტეტი ყველა მიმართულებით მომზადებული ხვდება ახალ სასწავლო წელს. წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა სტუდენტების, რომლებსაც აქ სურთ სწავლა. სამ საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხა 500-ზე მეტი სტუდენტი, სხვადახვა სასწავლო საფეხურებზე ერთად, ასევე 300 -ზე მეტი სტუდენტი ჩაგვერიცხა საბაკალავრო საფეხურზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს სალომე თათულიშვილმა.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები. მათი თქმით, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის სიახლე მნიშვნელოვანია.
,,იმ ახალგაზრდებისთვის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია, ვისაც ფინანსური მდგომარეობის გამო შეჩერებული ჰქონდათ სტატუსი. მათ მიეცემათ საშუალება სწავლა გააგრძელონ და მიიღონ ის განათლება, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარებათ’’,- განაცხადეს სტუდენტებმა.
მთავრობის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულების შესახებ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. დადგენილების თანახმად, წესი განსაზღვრავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ფინანსური დავალიანების საფუძველით/ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება ჩამოაწეროს. განათლების სამინისტრო დავალიანების მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურს უნივერსიტეტების მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი და გავლილი სიების საფუძველზე გამოყოფს. სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
„საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობდა საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, რომელსაც, ფინანსური დავალიანების საფუძვლით, 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი” – წერია დადგენილებაში.
დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფინანსური დავალიანების საფუძველი სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო ამ სტუდენტების მიერ უნივერსიტეტებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურის 20%-ს გადაუხდის. წესი გავრცელდება 2023 წლის 15 სექტემბრიდან ამ წესის შესაბამისად წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.