დაბახნების წყაროს მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია
თელავში, ახლად რეაბილიტირებული დაბახნების წყაროს მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია.
ტერიტორიაზე ნაგავია მიმოფანტული და საშინელი სუნია. გადავსებულია ნაგვის ურნები. ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.
როგორც ცნობილია, დაბახნების წყარო თელავის ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში, ჩოლოყაშვილის ქუჩისა და მაწანწრის დასახლებასთან ახლოს მდებარეობს. წყაროს წყლით ტურისტებთან ერთად ადგილობრივებიც სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ახლახანს ამ ტერიტორიასთან ახლოს სამანქანე გზის რეაბილიტაციაც მოხდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ბევრი ტურისტი გადაადგილდება და მსგავსი ადგილების დასუფთავება ხშირად უნდა ხდებოდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები საკუთარ ქალაქს და უბანს უვლიდნენ. ამ მხრივ ქალაქშია არაერთი სამოქალაქო აქცია და ღონისძიება ჩატარდა, თუმცა პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.
აღნიშნულ საკითხზე Knews.ge თელავის მერიის შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.