გეოგრაფიული აღნიშვნა „წინანდალი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
გეოგრაფიული აღნიშვნა „წინანდალი“ „საქპატენტში“ 2005 წლის 30 აგვისტოს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ინფორმაციას „წინანდლის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.
წინანდლის მამულში ღვინის მარანს თუ ეწვევით დაინახავთ, რომ თაროზე გვერდიგვერდაა განთავსებული „წინანდალი“, „საფერავი“, „შატო ლაფიტი“, „შატო იკემი“ და სხვა ღვინოები. ეს სანახაობა არის ერთგვარი ექსპოზიცია იმისა, თუ როგორ გვიყვება ერთი მარანი მთელი საქართველოს ისტორიას თავისი მრავალფეროვნებით. ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის მამული არის ქართული ბუნების ზუსტი ასახვა: გვერდიგვერდ განთავსებული ავთენტური ტრადიცია, სტუმარ-მასპინძლობით ფესვგამდგარი ისტორია, ევროპული საწყისები და აქტიური მეურნეობა – ეს არის ღვინო „წინანდალი“.
XIX საუკუნეში ალექსანდრე ჭავჭავაძე ცდილობდა ღვინის დაყენებისა და მირთმევის ევროპული წესი დაენერგა საქართველოში. ამიტომ, 8000-წლიან უძველეს ტრადიციას წინანდალში ევროპული ელფერი შესძინა და ქვევრის ღვინოს ევროპული კლასიკა შეუზავა. თანამედროვე ქართული მეღვინეობის დაწყება სწორედ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. თავადმა ჭავჭავაძემ 1835 წელს ბანკიდან ერთი მილიონი მანეთიც კი ისესხა იმისთვის, რომ მამულის გასავითარებლად სოფელ წინანდალში აეშენებინა დიდი ღვინის მარანი, მოეწყო ღვინის ლაბორატორია და ღვინის წარმოება უფრო გაეფართოებინა. შედეგად, 1839 წელს პირველად საქართველოში ბოთლის ღვინო სწორედ წინანდალში ჩამოისხა.
ქარხნის წარმატებულმა მუშაობამ აჩვენა, რომ ნელ-ნელა შესაძლო ხდებოდა ფეოდალური მეურნეობის ღვინის წარმოება კაპიტალისტურ რელსებზე გადასულიყო. მცდელობამ გაამართლა, მალე წინანდლის ღვინომ სახელი რუსეთის იმპერიასა და ევროპაშიც გაითქვა. ღვინოზე მოთხოვნა ისე გაიზარდა, რომ ყურძნის დამატება გახდა საჭირო, მამულების შემოერთების გეგმას სათავეში ჩაუდგა რუსეთის იმპერიის საუფლისწულო მამულების დეპარტამენტი. 1880-იანი წლებიდან სოფელ წინანდალსა და მის შემოგარენში შესყიდულ იქნა ჰექტრობით მიწა: ჭავჭავაძეების, ანდრონიკაშვილების, ზურაბაშვილების, ბახუტოვების, როტინიანცების, აზნაუროვების, ჩიჟქავაძეების და სხვა თავადების მამულები. პროპორციულად, ამ რაოდენობის ყურძენს დასჭირდა ქარხნისა და საკასრე/მარნის გაფართოება.
ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ წარმოებული ღვინო, რომლის სახელიც ამჟამად რეგისტრირებულია, როგორც ადგილწარმოშობის დასახელება „წინანდალი“, დღემდე ითვლება გარდამტეხ ეტაპად ქართული ღვინის ისტორიაში. ამ ღვინის პოპულარობასა და ხარისხს ადასტურებს საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე მოპოვებული 10 ოქროსა და 9 ვერცხლის მედალი.
ღვინო „წინანდალი“, რეგისტრირებული სპეციფიკაციის მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ თეთრი მშრალი და წითელი მშრალი.
თეთრი ღვინო ღია ჩალისფერია. აქვს უზადო, ნაზი, რბილი, ხალისიანი, ჰარმონიული და დახვეწილი გემო. გამოხატული აქვს გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი მინდვრის ყვავილების, ხილისა და ციტრუსის ტონებით. დავარგებისას ღვინოს უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 11%, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – არაუმეტეს 15%, შაქრიანობა კი – არაუმეტეს 4 გ/ლ.
წითელი ღვინო კი ფერად მუქი წითელია. უზადო, სავსე, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემოთი. მასაც გამოხატულად აქვს ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი და დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 11%, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა – არაუმეტეს 15%, შაქრიანობა კი არაუმეტეს 4 გ/ლ.
„წინანდალი“ თეთრი მზადდება მხოლოდ რქაწითლისა და მწვანე კახურის ვაზის ჯიშებისგან, ხოლო „წინანდალი“ წითელი – მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნიდან. ღვინის ორივე სახეობა მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან, რომლის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 19%.
ღვინის „წინანდალი“ წარმოებისთვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ წინანდლის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან, რომლის არეალი მოიცავს სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, რუისპირი, ყარაჯალა, გულგულა და იყალთო.
„წინანდლის“ სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#