ახალი ამბები

კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფო სტუდენტების დავალიანების 20%-ს აუნაზღაურებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სწავლის ღირებულების გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების გასანულებლად, კერძო უნივერსიტეტებს, სახელმწიფო ვალის დაახლოებით 20%-ს აუნაზღაურებს, რაც მისი განმარტებით, ობიექტური საბაზრო ღირებულებაა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ სტუდენტებს სწავლის გასაგრძელებლად თანხის გადახდა არ მოუწევთ.

„არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ სტუდენტებს და სრულად ნულდება მათი დავალიანება.

კერძო უნივერსიტეტებს რაც შევთავაზეთ, იყო ობიექტური საბაზრო ფასი იმ ვალის, რომელიც მათ აქვთ. ეს დაახლოებით იქნება, ვალის ოდენობის 20%. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზოგ შემთხვევაში 20%-იც კი არ არის ამ ვალის ღირებულება, რადგან სხვადასხვა ფინანსური მექანიზმები ერთვება.

უნივერსიტეტები, თავისუფალი ნების ფარგლებში, სიხარულით დათანხმდნენ ამას, რადგან ეს არის სამართლიანი, ობიექტური ფინანსური ღირებულება იმ დაგროვებული დავალიანების, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტები ამ 20%-საც კი ვერ მიიღებდნენ“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს შეთავაზებას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები არ დათანხმდნენ. შესაბამისად, დაახლოებით 1 000-მდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, რომლებიც ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, დავალიანება ვერ გაუნულდება.

ინფორმაციისთვის, 15 სექტემბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ. ღარიბაშვილის თქმით, ასეთი ქვეყანაში 30 000-მდე სტუდენტია, მათი ჯამური დავალიანება კი დაახლოებით 40 მილიონი ლარია.