ახალი ამბები

კერძო სკოლებს უფლება ექნებათ სასწავლო პროცესში არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები გამოიყენონ.

გარდა ამისა, კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში“ ჩართვის ვალდებულებისგან.

კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებს მინისტრმა დღეს გააცნო.

მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის მცირეკონტინგენტიანი კერძო სკოლები ისარგებლებენ ავტორიზაციის დებულებით დადგენილი საფასურის 50%-იანი შეღავათით; ავტორიზაციის ციკლი განისაზღვრება 9 წლით იმ სკოლებისთვის, რომელთაც ახალი სტანდარტით გაიარეს ავტორიზაცია; ავტორიზაციისას ცენტრი აღარ განსაზღვრავს სავალდებულოდ წარსადგენ მტკიცებულებებს და სკოლა თვითონ გადაწყვეტს, თუ რა გზით დაადასტურებს სტანდარტებთან შესაბამისობას; კერძო სკოლის მასწავლებლები გათავისუფლდებიან „პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში‘‘ ჩართვის ვალდებულებისგან; მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება კვირეული დატვირთვის 9-საათიანი შეზღუდვა; უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით; სსიპ „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხარდამჭერ ტრენინგებზე წვდომა თანაბრად ექნებათ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მასწავლებლებს.

„აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლას უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი შეფასების სისტემა, რომლის კონვერტირება უნდა ხდებოდეს 10 ბალიან სისტემაში; სკოლას უფლება აქვს განმსაზღვრელი შეფასება გამოიყენოს მე-5 კლასის მე-2 სემესტრამდეც. მოიხსნა განმსაზღვრელი შეფასების დაწყებასთან დაკავშირებული ასაკობრივი შეზღუდვა; ქართული, როგორც მეორე ენის შეფასება განხორციელდება დიფერენცირებულად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მოსწავლეები შეფასდებიან მათი მზაობის დონისა და სწავლების პერიოდის შესაბამისად; კერძო სკოლებს უფლება მიეცემათ სასწავლო პროცესში გამოიყენონ არაგრიფირებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოები; კერძო სკოლას უფლება აქვს თავად განსაზღვროს კლასის დამრიგებლის ფორმა და ფუნქციები. გაუქმდება დამრიგებლის ინსტიტუტის არსებობის სავალდებულოობა; განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური წლის ხანგრძლივობა (30-35 კვირა)“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.