ახალი ამბები

პარლამენტთან აქცია დასრულდა – ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 22 სექტემბერს დააანონსეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.

შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომას და ამავდროულად, აცხადებდნენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ქვეყნის საბანკო სისტემას და ეკონომიკას.

მათი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.

ამასთან, როგორც ორგანიზატორებმა დააანონსეს, შემდეგი აქცია 22 სექტემბერს, დილით გაიმართება, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა.

“პარასკევს ვიკრიბებით პარლამენტთან. პარლამენტში მიდის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ის არის პირი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი შოვზე არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სისხლის სამართლებრივად“, – მიმართა აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.