სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.
ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.
თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეუნარჩუნდა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში. საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. კანონი პირდაპირ ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის, უნდა არსებობდეს საქართველოს შესაბამისი უწყების წინასწარი თანხმობა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან წინასწარი თანხმობის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ოთარ ფარცხალაძეს შესაბამისი უწყებისთვის არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მიზნით. ამასთან, პრეზიდენტმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.