საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
საქართველოს სკოლებში 15 სექტემბერს 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 55 000-ზე მეტი პირველკლასელი დაიწყებს სწავლას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. მინისტრის მილოცვას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ.
ყველა პირველკლასელს სკოლაში საინტერესო, დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე წლების გატარებას ვუსურვებ. პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თითოეულმა მოსწავლემ, ცოდნასთან ერთად, მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება.
მე და ჩემმა გუნდმა ზოგადი განათლების განვითარების კუთხით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენს ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ სკოლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა, მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი დაფასება წარმოადგენს.
მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სადაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების მიღებას“,- აცხადებს გიორგი ამილახვარი.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავის ერეკლე მეფის სახელობის #1 საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.
,,იწყება კიდევ ერთი, საინტერესო სასწავლო წელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, სიახლეებით დატვირთული და პროდუქტიული იქნება, განათლებული ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის საფუძველია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად დიდი ყურადღება ექცევა, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ახალი საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას, მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და როგორც მიმდინარე, ასევე, მომავალ წელს, კახეთს ათეულობით ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება შეემატება.
ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და ჩვენი პედაგოგ-მასწავლებლების ღირსეული დაფასება. ბოლო წლების მანძილზე, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.