ყვარელში, ნაცვლიშვილების 8 სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
ქალაქ ყვარელში, ნაცვლიშვილების 8 სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახს, სადაც 6 არასრულწლოვანი ცხოვრობს, ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება. ოჯახის დიასახლისი მაია დოლმაზაშვილი აცხადებს, რომ ოჯახი წლებია ქირით ცხოვრობს, ბინა კი სადაც თავს აფარებდნენ, გაიყიდა.
მაია ამბობს, რომ მეპატრონემ რამდენიმე თვე მისცათ ბინის დასატოვებლად. ოჯახის წევრების თქმით, იმის გამო, რომ ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებშია, ქირის გადახდას, რომელიც საკმაოდ გაზრდილია ყვარელში, ვერ შეძლებენ. ისინი დახმარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვენ.
,,ვარ მრავალშვილიანი დედა, მყავს ექვსი შვილი. ქირით ვცხოვრობთ ქალაქ ყვარელში, წლებია. გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და ამ ბინის ქირას გაჭირვებით ვიხდიდით. ბინა, სადაც ვცხოვრობთ, გაიყიდა და მოგვიწევს მისი დაცლა. აქ ყვარელში, 300-400 ლარზე ნაკლებად ბინას ქირით ვერ იშოვი, ისეა გაძვირებული. რა უნდა ვქნათ არ ვიცით, ქუჩაში დარჩენა გველის. თუ ქუთაისში სოციალურად დაუცველებს და მრავალშვილიანებს გადასცეს ბინები, რატომ აქ არ შეიძლება მსგავსი პროგრამა განხორციელდეს? ჩემს შვილებსაც ხომ უნდათ საკუთარი სახლი და მომავალი. ბევრია უსახლკაროდ დარჩენილი და ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს მთავრობა. ჯერ რა შემოსავალი გვაქვს და ისიც ბინის ქირაში ვიხადო თუ ბავშვებს საჭმელი ვაჭამო? თუ ვინმე დაინტერესდება ჩვენი ამბით, დაგვიკავშირდეს ნომერზე 574773365″,-აცხადებს მაია დოლმაზაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის 8 წევრს მძიმე სოციალურ პირობებში უწევს ცხოვრება. მაიას თქმით, ბავშვები ხშირად სკოლაში ვერ დადიან ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის არქონის გამო. აღნიშნულ საკითხზე knews.ge ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოჯახს ბინის ქირით ეხმარებიან და დასაქმებაშიც დაეხმარნენ. გარდა ამისა, უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ოჯახი სხვადასხვა სოციალურ პროგრამაშია ჩართული.
,,რამდენიმე წელია ეს ოჯახი სარგებლობს მერიის ქირით დახმარების პროგრამით და არამარტო ამით. ჩვენ თავიდან ქირის თანხა გვქონდა 100 ლარი და ამ ოჯახის გამო 150 ლარამდე გავზარდეთ. თუკი რაიმე მომსახურება არსებობს ჩვენი მუნიციპალური პროგრამებიდან, ეს იქნება მედიკამენტები, სასურსათი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა, ყველაფრით ვეხმარებით. არცერთი განცხადება ოჯახის მხრიდან, რომ შეიძლება სადმე გადავიდნენ, არ შემოსულა ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მათთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ მის მეუღლეს დავეხმარეთ დასაქმებაში, ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი მაიაც დასაქმებულია.
გარდა ამისა, ისინი ასევე სარგებლობენ სათნოების სახლის მომსახურებით. ჩვენი მხრიდან მათი არცერთი განცხადება უყურადღებოდ არ ყოფილა დატოვებული. მოვიდნენ ოჯახის წევრები ადგილზე, გავესაუბრებით რა შეიძლება გაკეთდეს. გარდა ქირის პროგრამისა, გვაქვს ასევე სოციალური კუთხით მარტოხელა მშობლებისთვის დენით სუბსიდირების პროგრამა, დიალიზით მოსარგებლე სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ტრანსპორტირების პროგრამა, ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა, ასევე ხდება ბავშვთა იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსება, გვაქვს მედიკამენტებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ონკოლოგიური პაციენტების დახმარება, შეშით დახმარების პროგრამა და სხვა.
ვცდილობთ, სოციალური პროგრამების კორექტირება გავაკეთოთ და საჭიროებებს მეტად მოვარგოთ’’,- განუცხადა knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ავაზაშვილმა.