ღვინის ეროვნული სააგენტო – “ქართულ ფესვებს” არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია
ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
სააგენტო შპს “ქართულ ფესვებთან” დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიას 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1-ელ სექტემბერს ხელშეკრულება გაუუქმდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ქართულ ფესვებს” არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულება.
“რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანია” აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა, ასევე, მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს “ქართულ ფესვებს” 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1-ელ სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ “ქართულ ფესვებს” არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.
წელს, როგორც არაერთხელ გაცხადდა რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რამაც დღის წესრიგიდან მოხსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საწარმოს მიერ ყურძნის შესყიდვა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა, ხელშეკრულების გაწყვეტა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, “გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “პოსტი”, სათაურით: “ფული საიდან?”, რითაც მიუნხენში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრების დაფინანსებას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის განცხადებით, შპს “მოსავლის მართვის კომპანია”-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს “ქართული ფესვებს”, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს ეკუთვნის.
“150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე, რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი)“, – დაწერა ჯაფარიძემ.