თელავში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორიას, FTIR ტექნოლოგიის აღჭურვილობა გადაეცა
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში თელავში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორია „აგროლაბს“ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების FTIR ტექნოლოგიის აღჭურვილობა გადაეცა.
ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.
,,პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. შესაბამისად, ამ პროგრამის მნიშვნელობა წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონებიდან მიგრაციის შემცირებას და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
შესაბამისად, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) CESL-ის პროგრამის კონცეფციისა და მიზნების შესაბამისად, „აგროლაბისთვის“ მხარდაჭერისა და დახმარების პროექტი მოიცავს თანამედროვე, FTIR ტექნოლოგიის აღჭურვილობის შესყიდვა-გადაცემას, ინსტალაციას და გამოყენებას, რაც თელავში არსებულ ერთადერთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორიას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, მეტიც, კახეთის რეგიონში ადგილობრივ მცირე და საშუალო ღვინის მწარმოებლებს ყველა ეტაპზე ექნებათ უფრო მარტივი და იაფი წვდომა ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სერვისებზე.
ამასთან ერთად, მათთვის, როგორც მეღვინეებისთვის, სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამმართველოსთან თანამშრომლობით, განხორციელდება ცნობიერების ამაღლების აქტივობები ღვინის ლაბორატორიული კვლევის საფუძვლებისა და FTIR ტექნოლოგიის პრინციპების შესახებ. ეს შექმნის ტრადიციულად წარმოებული ღვინის ხარისხის კონტროლის შესაძლებლობას”,- აღნიშნულია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში.
აგროლაბი – AgroLab თელავში რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და ის მსურველებს ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კვლევას სთავაზობს.
,,თელავში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ლაბორატორია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების, ფრანგული აპარატურით და შეესაბამება ევრორეგულაციების ნორმებსა და მოთხოვნებს. აგროლაბში დღეისათვის შესაძლებელია ღვინის კვლევა 21-ზე მეტი დასახელების პარამეტრზე და შესაბამისი გამოცდის ოქმის მომზადება”,- აცხადებენ კომპანიაში.
პროგრამის, „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) პროექტის ფარგლებში, ასევე თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „აგროლაბს“ შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან შავაძე knews.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ მემორანდუმის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ „აგროლაბში“ გაიარონ სტაჟირება და გაეცნონ ალკოჰოლური სასმელების ანალიზის თანამედროვე მეთოდებს, რისთვისაც გამოიყენება CESL პროექტის მიერ შპს „აგროლაბისთვის“ შეძენილი FTIR კვლევის მაღალტექნოლოგიური დანადგარი Lyza 5000. ინფორმაციის გაცვლის კუთხით „აგროლაბი“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიის მუშაკებთანაც ითანამშრომლებს.
,,პროგრამის ფარგლებში მოხდა კვლევითი აპარატურის შესყიდვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თელავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ პრაქტიკის გავლის საშუალება, ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურასთან მუშაობის გამოცდილებას მიიღებენ. გარდა ამისა, არამხოლოდ სტუდენტებს, არამედ პერსონალსაც ექნება შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე აპარატურასთან. ეს ყველაფერი დადებითად აისახება განსაკუთრებით დოქტურანტურის და მაგისტრატურის სტუდენტებზე, რადგან კვლევითი კომპონენტის ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია”– აცხადებს ლევან შავაძე.
მისი განმარტებით, სამომავლოდ შესაძლებელია შპს „აგროლაბი“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთ-ერთი დამსაქმებელიც გახდეს.
,,ლაბორატორია შემდეგში შესაძლებელია დამსაქმებლადაც მოგვევლინოს, რადგან ჩვენ ახალგაზრდა კადრს ვუზრდით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა იქნება და გაგრძელდება კიდევ უფრო ნაყოფიერად, ვიდრე დაგეგმილი იყო.”