ვის შეიძლება მიმართონ მოქალაქეებმა მედიის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში
სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდების თუ კონკრეტული პირების მიერ, მნიშვნელოვან საკითხებზე დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება, რომლის მიზანს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს.
დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი მიზანი სარეკლამო მოგების მიღება ან პოლიტიკური მიზნების გავრცელებაა, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაში აზრის ფორმირების ბუნებრივ პროცესზე და ცვლის ადამიანების ქმედებას.
აღნიშნული პრობლემა ისევე როგორც სხვა რეგიონებში, კახეთშიც მწვავედ დგას. მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, უამრავი გვერდის, მედიის თუ კონკრეტული ჯგუფების ან პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან, ხშირად უჭირთ გაგება რა არის სწორი და რა არასწორი. მათივე განმარტებით, რა უნდა გააკეთონ და ვის მიმართონ, როდესაც აღმოაჩენენ მედიის მიერ დაშვებულ შეცდომებს ან დარღვევებს, ინფორმაციას არ ფლობენ. ITP პროექტის მეშვეობით კი ,,კახეთის ხმა” ამ პრობლემის გადასაჭრელად აქტიურ მუშაობას გეგმავს. რეგიონში შეიქმნება მედია ომბუდსმენის მექანიზმი.
მედია ომბუდსმენი და მისი მუშაობა ბევრ ქვეყანაში იქცა ეფექტურ მექანიზმად, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის სადარაჯოზე დგას. ეს არის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს ხდის მკითხველის ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და იცავს ადამიანის უფლებებს. იგი ასევე ჟურნალისტებს იცავს ზედმეტი სასამართლო პროცესებიდან, რადგან მისი მეშვეობით გვარდება ბევრი ისეთი დავა, რომელიც შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს განხილვის საგანი. მედია ომბუდსმენი ასევე უზრუნველყოფს პრესის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას, რაც აუცილებელია როგორც სიტყვის თავისუფლებისთვის, ისე მედიის ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის.
მედია ომბუდსმენები არიან დამოუკიდებლები და ისინი მედია ორგანიზაციების მხრიდან მიკერძოებულობისა და დარღვევების შესახებ საზოგადოების წევრებისგან იღებენ საჩივრებს, შემდეგ კი ხდება მისი განხილვა, რომლის შემდეგაც, ის აგროვებს მტკიცებულებებს და გასცემს რეკომენდაციებს პროცესებისა და პრაქტიკების გასაუმჯობესებლად მედია ორგანიზაციებში. ამისი ერთ-ერთი მაგალითია შვედეთი, სადაც ეს სისტემა აქტიურად მუშაობს.
ახლა კი მოსახლეობას საქართველოში და მათ შორის კახეთის რეგიონში შეუძლია მიმართოს მედია ომბუდსმენს, თუ აწყდებიან არაზუსტ და მიკერძოებულ ინფორმაციას, ასევე ეთიკური ნორმების დარღვევას. მათი საჩივრები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა საკითხებთან, როგორიცაა მცდარი ფაქტები, არასწორი ციტირება, კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა.
მოქალაქეებს საჩივრების წარსადგენად შეუძლია დაუკავშირდეს მაია მამულაშვილს ტელეფონის ნომერზე (593 26 45 33) ან გააგზავნოს წერილობითი განცხადება შემდეგ მისამართზე: kakhetiskhma@yahoo.com ან სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/maia.mamulashvili.9.

