ახალი ამბები

გიორგი ალადაშვილი-ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

7 სექტემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბაისუბანი, პატარა გორი, ზემო და ქვემო მსხალგორი, ფონა, ცოდნისკარი, თელასა და კაბლის თემის ოთხ სოფელში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, ათეულობით საცხოვრებელ სახლს სახურავები გადახადა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობდნენ, მოხდა გზების გაწმენდა.

ძლიერმა ქარმა ასევე, დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები. ამ ეტაპზე მოსახლეობას, ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. გზების გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.