ახალი ამბები

წნორში მოქმედი კომპანია “სამყურა” სამომავლოდ, სეტყვისგან დამცავი ბადეების დამონტაჟებას გეგმავს

კახეთში, 2 სექტემბერს მოსულმა სეტყვამ, სოფელ წნორში მდებარე ბიო წარმოება “სამყურაც“ დააზარალა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ნიკა ბაგალიშვილი ამბობს, ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს უკვე 5 წელია აწარმოებს და მისი წარმოება ამ დროის განმავლობაში, პირველად დაისეტყვა.

“ამ ეტაპზე მცირე წარმოება მაქვს, შესაბამისად არ მაქვს დაზღვეული. წარმოების ერთი ნაწილი სოფელ წნორში, ჩემს ეზოში, 1500 კვ. ფართობზე მაქვს გაშენებული, ხოლო მეორე ნაწილი ალაზნის ველზეა განთავსებული. აქედან კი, მხოლოდ ჩემს ეზოში გაშენებული ბოსტნეული დაზარალდა, ხოლო ალაზნის ველზე განთავსებული ბოსტნეული გადარჩა. 2024 წლიდან წარმოების 50%-ით გაზრდას ვგეგმავ, ჩემს საკუთრებაში არსებულ 3 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთზე, რის შემდეგაც ვაპირებ მოსავალი დავაზღვიო და ბადეები დავამონტაჟო,“-აცხადებს ბაგალიშვილი.

როგორც ბიო წარმოება “სამყურას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ბადეების დამონტაჟება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა მისი გამოყენების ხანგრძლივობა და ეფექტურობა ფასს სრულად ამართლებს.

“სამყურა“ კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს. რაც შეეხება სეტყვისგან დამცავი ბადეების ფასს, ბაზარზე საშუალოდ 1 კვადრატული მეტრის ფასი 1 ლარს შეადგენს.