ახალი ამბები

7 სექტემბრის მდგომარეობით, 27 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული

7 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 27 ათასამდე ტონა ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-მდე ღვინის საწარმო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 14 ათას ტონამდე რქაწითელი, 10 ათას ტონამდე საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

უწყების ცნობით, მოსავალი ღვინის საწარმოებს 2700-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ინფორმაციის თანახმად, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 260 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან რთველის პროცესში.

„შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 3077 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.