თუშეთში, ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ წარმოება გაზარდა და ასორტიმენტი გააფართოვა
სამკურნალო ჩაისა და სანელებლების მწარმოებელმა კომპანიამ “უშარო“ წარმოება გაზარდა და პროდუქციის ჩამონათვალს ჭაჭა დაამატა, გირჩის, მოცვისა და ბეგთქონდარის არომატებით.
კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სეხნიაძემ განაცხადა, რომ “უშარო“ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ 3 სახეობის ჩაით გამოჩნდა, ყოველწლიურად კი პროდუქციის ჩამონათვალს ზრდიდა. ბრენდი ამ ეტაპზე, წარმოდგენილია ბრენდირებული, თუშეთში მოპოვებული ბეგთქონდარის, თავშავას, დეკას, გვირილასა და კრაზანას ჩაით, ასევე სანელებლებით, მურაბებითა და არყით.
აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის რეალიზაციას შენაქოში არსებულ საკუთარ მაღაზიაში, თბილისის სხვადასხვა ფესტივალებსა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით ახდენს. ამასთან “უშაროს“ წარმოებული მურაბები, ჩაი და სანელებლები ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიასა და რესტორანში აქტიურად იყიდება.

