ახალი ამბები

წლევანდელი რთველის მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია-თელავის ღვინის მარანი

კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილის თქმით, რთველსა და ყურძნის ხარისხზე საუბრობს. მისი თქმით, წელს მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია.

„საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას რამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო, წლევანდელ სეზონზე ნაკლები ყურძენი დაიკრიფება.

„წლევანდელი რთველის მთავარი გამოწვევა ყურძნის ხარისხია. მე არ მახსენდება ამდაგვარი წელი, როდესაც ყველაფერი ერთად დაატყდა თავს მევენახეს. ეს იყო ცუდი კლიმატი, მაღალი ტენიანობით, ხშირი წვიმით, საკმაოდ დიდი დაზიანებაა როგორც ჭრაქით, ისე ნაცრით. ამას შემდეგ მოჰყვა რამდენიმე სეტყვა, რომელმაც გარკვეული პერიოდულობით დააზიანა მოსავალი, ასე რომ წლევანდელ სეზონზე მთავარი გამოწვევა არის ყურძნის ხარისხი. რაოდენობრივად მოსავალი თავისთავად შემცირებულია. ვფიქრობთ, საერთო მოსავალს 40% მაინც დააკლდება. რაც შეეხება ჩაბარების ფასს, ყურძნის ფასი ხარისხის მიხედვით თეთრი ყურძნის შემთხვევაში 0.90-დან 1,15 ლარამდე ლავირებს. საფერავი შედარებით ძვირია და 1,50-1,55 ლარის ფარგლებშია.

თავად ჩაბარების პროცესი, სისტემა საკმაოდ გამართულია, ხარვეზები თითქმის არ არის ყველგან არის მონიტორინგის ჯგუფი და სრული მონიტორინგი ხორციელდება როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის.“ – განაცხადა ზურაბ რამაზაშვილმა.