ახალი ამბები

8 თვეში საქართველომ უცხოელებზე 268 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გასცა

2023 წლის 1 იანვრიდან 16 აგვისტოს ჩათვლით, საქართველომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე 268 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გასცა.

პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ 268 ნებართვიდან, 1 მთავრობის წარდინებით, 17 მთავრობის წარდგინების გარეშე და 250 უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე გაიცა.

რაც შეეხება წინა წლების მონაცემებს, 2021 წელს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 171-მა პირმა მიიღო, 2022 წელს კი – 374-მა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 წელში, კერძოდ, 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე, საქართველომ 1 537 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გასცა.

ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ოდენობის ინვესტიცია და მის ოჯახის წევრებზე.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღება ასევე შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ფლობს არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების უძრავ ქონებას და მის ოჯახის წევრებს.