თელავის აეროპორტი „მიმინო“ 2024 წლიდან შიდა ფრენებს მოემსახურება
თელავის აეროპორტი „მიმინო“ 2024 წლიდან შიდა ფრენების მომსახურებას დაიწყებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მოხდება არსებული აეროპორტის რეკონსტრუქცია და მისის ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი 1,7 კმ-მდე დაგრძელდება.
„შიდა ავიაციის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თელავის აეროპორტის რეკონსტრუქციას ვიწყებთ. აქ ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ასევე დაგრძელდება არსებული ასაფრენ/დასაფრენი ზოლი და 1,7 კმ გახდება. შესაბამისად ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, ასევე ამბროლაურთან და მესტიასთან, სადაც იცით, რომ საკმაოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა გააჩნია სახელმწიფოს და ასევე ბათუმთან. დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ტურისტს ერთი დღის განმავლობაში შეუძლია საზღვაო კურორტიდან ძალიან მნიშვნელოვანი გასტრო ენეოლოგიური კურორტი მოინახულოს. ასევე ძალიან საინტერესო ადგილებს ეწვიოს მთაში, იგივე მესტიაში. შიდა რეგულარული რეისები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურისტს ასევე შიდა ავიაციის განვითარებას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, პროექტის წინასწარი ბიუჯეტი 25 მლნ ლარია, თუმცა თანხა პროექტირების დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
მინისტრი ამბობს, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ თელავის აეროპორტში მცირე ბორტებით საერთაშორისო რეისების მიღებაც იქნება შესაძლებელი, ხოლო შემდგომ გაფართოების ეტაპზე კი „მიმინო“ ჩარტერულ რეისებსაც მიიღებს.
„თელავის აეროპორტს სტატუსი ექნება საერთაშორისო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ყველა საერთაშორისო სტანდარტს დავაკმაყოფილებთ. ეს არის პირველი ეტაპი იმისათვის, რომ შიდა ფრენები განხორციელდეს ეფექტურად. უცხოეთიდან მცირე ბორტების მიღების საშუალება გვექნება. თუმცა ტერმინალში გათვალისწინებული იქნება ყველა ის ოპერაცია, რაც საერთაშორისო გადაზიდვებისთვის არის აუცილებელი. ხოლო შემდეგი ფაზის პირობებში კი ჩვენ შეგვეძლება, რომ უფრო ფართო, იგივე ჩარტერული რეისების მიღება მოვახერხოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტი “მიმინო” 2012 წელს გაიხსნა.
აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან. ადგილზე სამი ტიპის : Cessna 152, Aeroprakt A-22 და Tecnam P2006T თვითმფრინავებია წარმოდგენილი.