მეხუზლა- დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის
ღვინის ეროვნული სააგენტო თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის.
მისი თქმით, უპასუხისმგებლო და ყოველგვარ გონივრულ აზრს მოკლებულია ინიციატივა, მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ.
„მიმდინარე წლის 21 ივლისს, პრემიერმინისტრთან გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.
აღსანიშნავია, რომ დღეს თელავში რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა წელსაც განხორციელდება. კერძოდ, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, წელს რთველის სუბსიდიის საერთო ბიუჯეტი 50 მლნ ლარია.