ახმეტაში ახალგაზრდამ, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დასახმარებლად, ნივთების შეგროვების კამპანია დაიწყო
ახმეტაში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ანა პატარკაციშვილმა, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დასახმარებლად, სასკოლო ნივთების შეგროვების კამპანია დაიწყო.
ახალგაზრდა აცხადებს, რომ ყველა მოსწავლისთვის სექტემბერი და სწავლის ახალი წლის დასაწყისი, ემოციებით და სიახლეებით არის სავსე.
ანა ამბობს, რომ ბავშვებს განსაკუთრებით ახალი ნივთების შეძენა ახარებთ, ამას კი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეები ვერ ახერხებენ.
სწორედ მოსწავლეების დასახმარებლად დაიწყო ნივთების შეგროვება ახალგაზრდამ.
მისი თქმით, შემოწირულობის მიღება 18 აგვისტოდან დაიწყო და 28-მდე გაგრძელდება. იგი განმარტავს, რომ 12 ბავშვის სია უკვე აქვს, ვისაც ჩანთები და სასკოლო ნივთები ესაჭიროება.
,,სექტემბერი, ემოციებით სავსეა. ეს ის თვეა, როდესაც მშობლებისთვის და ასევე ბავშვებისთვის ახალი ეტაპი იწყება. ყველა ემზადება სკოლისთვის, ზოგი პირველად მიდის, ზოგი თავის მეგობრებთან შესახვედრად დღეებს ითვლის, ზოგს კი იმიტომ უხარია სკოლის დაწყება, რომ იცის ახლა მაინც ახალი სამოსი და სასკოლო აქსესუარები ექნება.
ბავშვებს ახარებთ ახალი ჩანთის, ახალი სამოსის და სასკოლო აქსესუარების თავიაანთ მეგობრებთან და საყვარელ მასწავლებლებთან სუფთად და მოწესრიგებულად წარდგენა. მაგრამ სამწუხაროდ ამ ყველაფრის საშუალება ბევრს არ აქვს და ხშირ შემთხვევაში ისევ იმ ტანსაცმლის ჩაცმა და იმ ჩანთის აკიდება უწევთ, რაც წინა წლებში ჰქონდათ.
ამიტომაც წელს გადავწყვიტე რამდენიმე ბავშვი გავახარო და გავულამაზო სკოლის პირველი დღე, შევუძინო სამოსი ან ჩანთა და სასკოლო ნივთები. ამ ყველაფერს მარტო ვერ შევძლებ და საზოგადოების გვერდში დგომა მჭირდება. მინდა აქვე ავღნიშნო, რომ ბაღის მოსწავლეებსაც შეეხება ეს აქცია, რადგან ვიცი, რომ მათაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება.
ამიტომაც ვაგროვებ როგორც ბავშვების ასევე დიდების სამოსს, რათა მშობლებმაც შეძლონ თამამად ბავშვის სკოლაში მიცილება. როგორც ყოველთვის ამ აქციაში ჩართვა შეგიძლიათ ყველას, როგორც ემიგრანტებს, ასევე რიგით მოქალაქეებს და მთავრობის ან სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რაც მეტი ჩავერთვებით აქციაში, მით მეტ ბავშვს და მშობელს გავახარებთ.
ამ ყველაფერს ფართის გარეშე ვერ დავაორგანიზებდით და ერთმა ძალიან მაგარმა ადამიანმა დაგვითმო სრულად უსასყიდლოდ. (ქ.ახმეტა სოკარის მიმდებარე ტერიტორია) ამ ყველაფერს ორგანიზებას რათქმაუნდა მე გავუწევ და ვინ იქნება ჩართული, ყველაფერს აუცილებლად გაგაცნობთ ეტაპობრივად.
მჯერა, რომ შევძლებთ გაერთიანებას და ეს საქველმოქმედო აქცია კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, თუ რა მაგარი ხალხი ცხოვრობს ახმეტაში.
ასევე გთხოვთ მომაწოდოთ ოჯახების სია, ვისაც სჭირდება ყველაზე მეტად დახმარება, სამოსით ან სკოლის ნივთებით”,-განაცხადა ანა პატარკაციშვილმა.