ყვარელში მოქმედი სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლები კელი დეგნანს წერილით მიმართავენ
ყვარელში მოქმედი სამოქალაქო და ბიზნეს საზოგადოების 50-მდე წარმომადგენლის ერთობლივი წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს.
ისინი ელჩს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდიან. Knews.ge მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
,,ქალბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი მისიის დასასრულს, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ გაწეული ღვაწლისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მიგიძღვით. თქვენი დამსახურებით ქართველი და ამერიკელი ხალხი კიდევ უფრო დაახლოვდა.
ჩვენ, ყვარელში მცხოვრები და მომუშავე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მადლობას გიხდით ჩვენი თემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. თქვენი ელჩობის პერიოდში გაიხსნა ყვარელში ამერიკული სივრცე, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ყვარლის საზოგადოების განათლებისა და განვითარებისთვის, ისე საერთო ღირებულებების დამკვიდრებისთვის.
თქვენი უშუალო ჩართულობით განხორციელდა ადგილობრივ საჭიროებებზე ორიენტირებული არაერთი ინიციატივა – დაწყებული ინგლისური ენის შემსწავლელი და პროფესიული კურსებით და დამთავრებული ციფრული კლასის მოწყობით. მათ შორის ახალი ევრო-ატლანტიკური ცენტრის გახსნა ყვარელში, რომელსაც განსაკუთრებული როლი აკისრია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში. მათ შორის ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით.
ჩვენი ახალგაზრდების თქვენთან ყოველი შეხვედრა იყო მოტივაცია, რადგან თქვენ უნერგავდით წარმატებული ხვალინდელი დღის იმედს. ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმისთვის საელჩოს მიერ გაწეული დახმარება, თქვენ მიერ ჩვენი კულტურისა და ისტორიის პატივისცემის ნიშანია. ილიას მუზეუმის ეზოში, საქართველო-ამერიკის მეგობრობის ვარდების აყვავებული ხეივანი, მრავალი წლის განმავლობაში თითოეულ სტუმარს შეახსენებს ჩვენი ქვეყნების მეგობრობას.
ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო ვყოფილიყავით თქვენი მასპინძელი სხვადასხვა დროსა და ვითარებაში. გისურვებთ წარმატებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება თქვენ მიერ გადებული მეგობრობის ხიდი.
მიიჩნიეთ ყვარელი თქვენს მეორე მისამართად, სადაც მუდამ გაუხარდებათ თქვენი სტუმრობა”,– წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში.