,,ქართულმა ოცნებამ” გურჯაანის მერობის კანდიდატად გიორგი მაჭავარიანი წარადგინა
პირველ ოქტომბერს გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.
მოქალაქეები მუნიციპალიტეტის მერს აირჩევენ. ,,ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად გიორგი მაჭავარიანი წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიის კანდიდატი გამოცდილია და ამომრჩევლის ნდობას მოიპოვებს.
,,როგორც მოგეხსენებათ, 1 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს პარლამენტის წევრის შუალედური არჩევნები გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში და მერის შუალედური არჩევნები გურჯაანის საარჩევნო ოლქში.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით, გურჯაანის მერის პოზიციაზე წარმოგიდგენთ ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურას. გიორგი მაჭავარიანი დაიბადა ქალაქ გურჯაანში. 1996 წელს მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გიორგი მაჭავარიანს აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 6 წლის მანძილზე, ის იკავებდა სააქციო საზოგადოება გურჯაანგაზის დირექტორის თანამდებობას, 2011 წლიდან კი არის შპს სოკარ ჯორჯია გაზის გურჯაანის სერვისცენტრის ხელმძღვანელი.
დარწმუნებული ვართ, ის მიიღებს ამომრჩევლის მყარ ნდობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.