„აგვისტოში საწვავზე ფასები დაახლოებით 10-15 თეთრით მოიმატებს“ – ნიკა შენგელია
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი გაზრდილია – 0,02 – 1,53 ევროთი/ლიტრზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა – 0.03 – 1,45 ევროთი/ლიტრზე.
7 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 85.34 (-0.90) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.94 (-0.88) დოლარი/ბარელზე.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტ ნიკა შენგელიას პროგნოზით, აგვისტოში საწვავზე ფასები დაახლოებით 10-15 თეთრით მოიმატებს.
„ნავთობის ფასები ბოლო პერიოდში გაზრდილია. პროგნოზი ნავთობის ფასების შესახებ, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნეთ, მართლდება, კერძოდ ის, რომ 2023 წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 75$-ზე მაღლა შენარჩუნდებოდა. ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამას, რადგან მოელოდა ფასების გაიაფებას.
რაც შეეხება საწვავის ფასებს საქართველოში, აქაც მართალი აღმოვჩნდით. მაღალი ალბათობით საწვავზე ფასები კვლავ მოიმატებს. საქართველოში „თეთრ ნავთობპროდუქტებზე“ ფასების მატების საფუძველი ნავთობზე ფასების ზრდას არ უკავშირდება. დღეს რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს 81% უჭირავს მთლიან განხორციელებულ იმპორტში. აღნიშნული საწვავი შემოდის PLATSS მინუსით. შესაბამისად, ამ კუთხით და იმ ლარის კურსით რაც გვაქვს საწვავზე ფასები არ უნდა გაძვირებულიყო, საწვავზე ფასების აწევის მიზეზი კვლავ შემომტანი კომპანიების კარტელურ გარიგებებში უნდა ვეძიოთ. ჩვენი პროგნოზით, აგვისტოში საწვავზე ფასები დაახლოებით 10-15 თეთრით მოიმატებს“, – ამბობს ნიკა შენგელია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის ბენზინი – 0,906 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,99 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1.22 ევროს, დიზელის საწვავი – 1.06 ევროს.