ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით ძირითადად მევენახეები ინტერესდებიან
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.
პროგრამის ფარგლებში, ბიოწარმოებით უფრო მეტად მევენახეები ინტერესდებიან.
“პროგრამა საპილოტე ხასიათისაა, ვინაიდან დაახლოებით 10 თვეა, რაც დაიწყო. თავიდან გამოხმაურება შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ ჩვენი მხრიდან აქტიური საკომუნიკაციო შეხვედრები ჩატარდა, რის შემდეგაც, აქტიურობამ შედარებით მოიმატა. ამ ეტაპზე 33 ხელშეკრულებაა გაფორმებული და განაცხადების რაოდენობა 60-ს შეადგენს. ძირითადი მიმართულებაა მევენახეობის მხრივ შემოსული განაცხადები”, – აცხადებს ბიოწარმოების პროგრამის კოორდინატორი გიორგი ცაგარეიშვილი.
გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ 2023 წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება.
“წლევანდელი წლის ბიუჯეტი 500 000 ლარია. მომავალში, მომართვიანობიდან გამომდინარე მოსალოდნელია ზრდა.
ბიოპროდუქტზე მოთხოვნის ნაწილში მზარდი ტენდენციაა, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე. შესაბამისად, მწარმოებლების მხრიდანაც ველოდებით, რომ უფრო მეტი დაინტერესება იქნება. ჩვენი კომუნიკაციის პარალელურად, მოლოდინი გვაქვს, რომ მომართვიანობა გაიზრდება”, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2022 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.
გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს ერთის მხრივ ბიოსერტიფიცირების თანადაფინანსებას, მეორეს მხრივ ბიოწარმეობაში ჩართული პირებისთვის ბიოსასუქებისა და ბიოპრეპარატების თანადაფინანსებას.პროგრამის ბენეფიციარი პირი შეიძლება იყოს, როგორც მეწარმე ფიზიკური პირი, ასევე ნებისმიერი იურიდიული პირი. შეზღუდული არ არის გეოგრაფიული არეალი.