ახალი ამბები

საქართველოდან რუსეთში ამერიკული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა

„საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილ მანქანებზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა რეექსპორტზე/ექსპორტზე შეზღუდვა, ხოლო ევროპიდან შემოყვანილზე შეზღუდვა ამოქმედდება 26 სექტემბრიდან, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ევროკავშირის სანქციების მეთერთმეტე პაკეტის თანახმად, აკრძალულია რუსეთში ისეთი მეორადი ან ახალი ავტომობილის შეყვანა, რომლის ძრავის მოცულობაც 1,900 კუბურ სანტიმეტრს (1.9 ლიტრს) აჭარბებს, ასევე აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ელექტრომობილების შეყვანა.

ასევე ძრავის ზომის მიუხედავად, აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების მოდელების შეყვანა. ხოლო სანქციების წინა პაკეტით აკრძალული იყო 50,000 ევროზე ძვირადღირებული ავტომობილების რუსეთში ექსპორტი.