ახალი ამბები

„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრი – ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “5 მილიონი ყველა სოფელს” დაპირებით მოსული “ქართული ოცნების” 11 – წლიანი მმართველობის შემდეგაც, მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე იქნებოდა დარჩენილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის თავზე, ქალაქებსა და სოფლებში კვლავ მთავარი პრობლემებია: გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა ქალაქ თელავში, ასევე, სოფელ კურდღელაურსა და თელავის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. პრობლემაა, ასევე, ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყლის არარსებობაც.

მოვუწოდებ თელავის მუნიციპალიტეტს, მერიას და იქ დასაქმებულ არაფრის მკეთებელ თანამშრომლებს, გამოვიდნენ ხალხში, გაეცნონ პრობლემებს და იმუშაონ ამ პრობლემის მოგვარებაზე”,– განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.