2 რეკომენდაციის შესასრულებლად, ტემპის აჩქარებაა საჭირო – პაველ ჰერჩინსკი
„12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შესრულდა. 2 რეკომენდაციის შემთხვევაში, რომელიც მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას გულისხმობს, საჭიროა ტემპის აჩქარება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დარჩენილი რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს დრო ჯერ აქვს.
„რამდენიმე კვირის წინ, ევროკომისიამ ე.წ. „ზეპირსიტყვიერი განახლება“ წარმოადგინა. ევროკომისიის შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შესრულდა. 2 რეკომენდაციის შემთხვევაში, რომელიც მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას გულისხმობს, საჭიროა ტემპის აჩქარება. დარჩენილი 7 რეკომენდაციის შემთხვევაში დაფიქსირდა გარკვეული პროგრესი, მაგრამ ჩვენ დამატებით პროგრესსაც ველოდებით.
როგორც ხედავთ, ვითარება არაერთგვაროვანია, რაც, ჩემი შეფასებით, დადებითი მოვლენაა. ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს, ასე რომ დრო ჯერ კიდევ არის. სულმოუთქმენლად ველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ, ანუ მთავრობებისა და სახელმწიფო ლიდერების დონეზე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს, რაც კანდიდატის სტატუსს ნიშნავს. თუმცა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ხელთაა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.