ახალი ამბებიბლოგებისტატიები

როგორ დავისვენოთ თელავიდან გაუსვლელად

შვებულების პერიოდში მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ზაფხულის მწველ მზეს მთიან რეგიონებში წასვლით ემალება, ნაწილი კი სამსახურიდან თავისუფალ დროს ზღვაზე ატარებს. მოქალაქეების ერთი ნაწილი კი დასვენების დღეებს საზღვარგარეთ, რომელიმე ტურისტულ ქალაქში ატარებს.

მოქალაქეების ის ნაწილი კი რომელიც ადგილზე რჩება და დროის თუ ფინანსების უქონლობის გამო დასასვენებლად სხვაგან წასვლას ვერ ახერხებს, knews.ge-სთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებენ, რომ არ იციან მცირე რესურსების პირობებში, ადგილზე როგორ მოახერხონ დასვენება ან განტვირთვა.

Knews.ge გთავაზობთ ინტერვიუს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან დიანა ფხოველიშვილთან, რომლის მეშვეობითაც გაიგებთ, ტურიზმის მიმართულებით რა დაწესებულებები ფუნქციონირებს თელავის მუნიციპალიტეტში.

 

მისი განმარტებით, თელავის მუნიციპალიტეტში 175-მდე დიდი და მცირე საოჯახო სასტუმრო და განთავსების ობიექტია, სადაც მსურველებს დასვენება და დროის ნაყოფიერად გატარება შეუძლიათ.
გარდა განთავსების ადგილებისა, ასევე მუნიციპალიტეტში არის 30 კვების ობიექტი და რესტორანი, სადაც ტურისტებს მისვლა და კვება შეუძლიათ.

,,ჩვენი რეგისტრაციის მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტში 85 განთავსების ობიექტია, ბუქინგზე კი დარეგისტრირებულია 87 ობიექტი . ანუ მთლიანობაში, დიდი და პატარა სასტუმროებიანად 175-მდე ობიექტი გამოდის, სადაც მსურველებს დასვენება შეუძლიათ. ზოგი ადგილი ახალია გახსნილია, ზოგი გაუქმდა, ზოგიც ჯერ არ გახსნილა.

ტურისტები ძირითადად მიდიან, Holiday Inn Telav-ში, ართვაინში, Zuzumbo Resort & Spa-ში, შატო იყალთოში, კვირიაში, სევენთინ რუმსში და სხვა. ანუ თელავში, ყველა ბიუჯეტის მქონე მოქალაქეს ვთავაზობთ დასვენებას და შესაბამისი სერვისებით სარგებლობას. განთავსების ადგილებში გადასახადი 1 დღის 40-დან 400 ლარამდეა.

მცირე საოჯახოები კვებას ნაკლებად სთავაზობენ ტურისტებს. ამ სერვისით სარგებლობა ძირითადად დიდ სასტუმროებში შეიძლება.

მუნიციპალიტეტში 30 კვების ობიექტია: არის რესტორნები, კაფეები, ლუდის ბარი, აფსაიტი, ზოდიაქო და სხვა’’,– განაცხადა დიანა ფხოველიშვილმა.

გარდა საოჯახო და დიდი სასტუმროებისა, მუნიციპალიტეტში ასევე არის მუზეუმები, ღვინის მარნები და აუზები, სადაც შესვლის და სარგებლობის ფასები ყველა ბიუჯეტის მქონე ადამიანზე არის მორგებული.

,,გვაქვს წინანდლის მუზეუმი, თელავის ისტორიული მუზეუმი, სოფელ ნაფარეულში ტყუპების საღვინე სალში ღვინის მუზეუმი, ასევე ღვინის კომპანია შუმს აქვს კარგი ტურები და სხვა.

ასევე არის ღვინის მარნები და ქარხნები, რისი მონახულებაც შეუძლიათ ტურისტებს. 45 ღვინის მარანია რეგისტრირებული საოჯახო და დიდი, რომელიც ტურისტებს მასპინძლობს. ამ ციფრის გარდა თელავში ბევრი ღვინის საწარმო და მარანი ფუნქციონირებს.

კულტურულ -მომლოცველობით დაინტერესებულებს კი შეუძლიათ ეწვიონ ძეგლებს: გრემს, ნეკრესს, შუამთას, იყალთოს აკადემიას და სხვა. მაგალითად იყალთოს აკადემია მსურველებს სთავაზობს ძალიან კარგ მასტერკლასებს.

სალაშქრო- საფეხმავლო ტურიზმით ვინც არის დაინტერესებული, სოფელ კისიხევში, უკვე არის დამუშავებული საფეხმავლო ბილიკები, მარკირებულია ადგილები და თავისუფლად შეიძლება წასვლა და ლაშქრობა. გარდა ამისა, იგეგმება ასევე ცივის მთის ბილიკების მარკირება, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტი იქნება და მომავალ წელს უნდა დასრულდეს სამუშაოები.

მსურველებს ყველანაირი სერვისი მიიღოს ადგილზე შეუძლიათ. მაგალითად არის დაწესებულება ,,ჰაპო’’, სადაც მსურველებს აუზით შეუძლიათ ისარგებლონ. გარდა ამისა, დიდ სასტუმროებსაც აქვთ აუზები. აუცილებელი არ არის საზღვარგარეთ წასვლა, აქაც შეიძლება დასვენება’’,- აღნიშნავს დიანა.

 

გარდა სხვა სერვისებისა, ტურისტებს სხვა დაწესებულებების სერვისებითაც შეუძლიათ სარგებლობა. დიანა ფხოველიშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო მოგზაურებთან ერთად გაიზარდა შიდა მოგზაურების რიცხვი, რომლებიც ხშირად სტუმრობენ კახეთის რეგიონს და თელავის მუნიციპალიტეტში მოქმედ ობიექტებს.

,,ბოლო დროს თბილისიდან მომართვიანობა გაიზარდა. აგვისტოში კი ველოდებით პიკურ პერიოდს. არც ახლა უჩივიან დაწესებულებები ტურისტების სიმცირეს. რაც ამინდი მდგრადი გახდა, იგრძნობა შიდა ტურისტების გააქტიურება.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, წელს აქტიურობს ჩეხეთი, რუსეთი, ევროპა, პოლონეთი და საფრანგეთი. რაც შეეხებათ გიდებს, ტურისტების ჯგუფს თბილისიდან მოსდევენ გიდები, მაგრამ ჩვენც გვყავს ადგილზე და შეგვიძლია ეს სერვისიც შევთავაზოთ მსურველებს.

გარდა ამისა, მჭიდრო კონტაქტი გვაქვს თუშეთის მიმართულებით მომუშავე მძღოლებზე. 20 მძღოლია ჩვენთან რეგისტრირებული, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. 4 ან 6 კაციანი მანქანის დაქირავება 500 ან 550 ლარად არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, გვაქვს აეროდრომი ,, მიმინო“ და მსურველებს თვითმფრინავის ტურითაც შეუძლიათ ისარგებლონ. ჩვენ მსურველებს ვაკავშირებთ მათთან. ანუ ყველა სერვისი, რაც შეიძლება სხვაგან წასვლის დროს მიიღონ, აქაც არის შესაძლებელი ადგილზე.

მართალია ტურისტების საყვარელი ადგილის, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და იქ შეიძლება ვერ მივიდეს მსურველი, მაგრამ ბადაგონის სახლმა გააკეთა სალაშქრო, გასასეირნებელი ტყე-პარკი შუამთისკენ, რომელიც სხვადასხვა სერვისებს მოიცავს. მანდაც შეიძლება უფასოდ, შესვლა და განტვირთვა’’,- განუცხადა Knews.ge-ს დიანა ფხოველიშვილმა.