ალვანის ცხრაკარას სასახლე
ალვანის ცხრაკარას სასახლე მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, შემაღლებულ ადგილზე.
ალვანის ცხრაკარას სასახლე აგებულია XVI საუკუნეში, კახთა მეფე ლევანის მიერ, სასახლესთან ახლოში არის VIII-IX საუკუნეების ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია, სადაც ლევან კახთა მეფის დაზიანებული ფრესკაა შემორჩენილი, ეკლესია მეთექვსმეტე საუკუნეში მთლიანად მოახატინა მეფე ლევანმა.
სასახლე გეგმით აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია, ნაგებია კვადრატული აგურით; კედლების ქვედა ნაწილი და საძირკველი რიყისა და ნატეხი ქვისაა. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია კერძოდ: ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილები (შემორჩენილი სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი) და სახურავი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აყრილია იატაკი.
სასახლე ერთი ვრცელი დარბაზისაგან შედგება. მის სამხრეთ კედელში, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, გაჭრილია ექვსი ფართო და მაღალი ისრულთაღოვანი სარკმელი (სიმაღლე – 3 მეტრი, სიგანე – 2.4 მეტრი) რომლებიც იატაკის დონიდან იწყება. ჩრდილოეთ კედელშიც ექვსი სარკმელია, მაგრამ ბევრად უფრო ვიწრო ვიდრე სამხრეთ სარკმლები. შიგნით მათ სწორკუთხა მოხაზულობა ჰქონიათ (შემორჩენილია ხის გადახურვის კვალი), გარედან კი ისრული თაღით ყოფილან გადახურული. განივი კედლები უსარკმლოა აქ მხოლოდ ორ-ორი განჯინაა.
გარედან სასახლე სრულიად სადაა. სამხრეთ ფასადზე ექვსივე სარკმელი მოქცეულია კედლის შეღრმავებულ არეში. სასახლე საზაფხულო, საზეიმო, სააუდიენციო ნაგებობა ყოფილა.