ახალი ამბები

რატომ უნდა მიენიჭოს თელავის ჭადარს ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი

მდგრადი განვითარების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, “ნატურისტორიუმის” დამფუძნებელი კახა სუხიტაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია თელავის სავიზიტო ბარათს, ათასწლოვან ჭადარს, ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი მიენიჭოს.

აღნიშნულ საკითხზე მან თელავის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიმართა. როგორც knews.ge-სთან საუბრისას კახა სუხიტაშვილმა განაცხადა, უკვე რამდენიმე თვეა მერიასთან და ახლა საკრებულოსთან ერთად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და მას იმედი აქვს, რომ სულ მალე შეიქმნება საქართველოში პირველი პრეცენდენტი და ჭადარს დაცული ხის სტატუსი მიენიჭება.

 

,,ჭადარი წარმოადგენს ქალაქ თელავის ესტეთიკური მთლიანობის განუყოფელ ნაწილს. ჭადრის როგორც ტურისტული ღირშესანიშნაობის ღირებულება მეტად თვალსაჩინოა და ქალაქის ერთერთი სავიზიტიო ბარათია. მისი დღევანდელი როლი ქალაქ თელავის მაცხოვრებლებთვის სრულიად თვითკმარია იმისათვის რომ რომ ქონდეს განსაკუთრებული სტატუსი. ჭადრის ლოკაცია არის ისტორიული ღირებულების მქონე, სადაც არაერთი ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანი ყოფილა სტუმრად. შესაბამისად მისი სიმბოლური დატვირთვა მოითხოვს მის შენარჩუნებას და ქალაქის ისტორიის უკვდავყოფას”,- განაცხადა კახა სუხიტაშვილმა.

 

მისივე თქმით, თელავის ჭადარი აღრიცხულ ხნოვან ხეებს შორის უხუცესია და სწორედ ეს ფაქტიც მიუთითებს მისი დაცვის განსხვავებული რეჟიმის აუცილებლობას.

კახა სუხიტაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება ჭადრისთვის, იქნება მომავალი თაობებისთვის მდიდარი მემკვიდრეობის ღირსეულად გადაცემის ერთ-ერთი გამოხატულება.

,,იქიდან გამომინდინარე რომ, თელავის ჭადარი აღიცხულ ხნოვან ჭადრებს შორის უხუცესია და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე ასაკოვანია- ეს ფაქტიც მიუთითებს მისი დაცვის განსხვავებული რეჟიმის აუცილებლობას. ხისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ კულტურული და/ან ისტორიული დატვირთვის მატარებელია, არამედ ის არის მომავალი თაობებისთვის მდიდარი მემკვიდრეობის ღირსეულად გადაცემის ერთ-ერთი გამოხატულება და მაგალითის მიმცემი. თელავის ჭადრისთვის ადგილობრივი დაცული ხის სტატუსის მინიჭება წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ და კულტურულ არამედ მიზანმიმართულ გარემოსდაცვით აქტს.”

კახა ასევე განმარტავს, რომ ჭადრისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება იქნება პრეცენდენტული და მაგალითის მიმცემი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

,,თელავის ჭადრისთვის ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსის მინიჭება იქნება პრეცენდენტული რამეთუ შესაძლებელია საქართველოს სხვა თვითმმართველმა ერთეულებმაც საზოგადოებასთან ერთად ადგილზე მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, სტატუსის მინიჭება გაზრდის კულტურული, სამეცნიერო ასევე, ტურისტული ინსტიტუციების ინტერესს რაც თავისთავად ქალაქის პრესტიჟისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება”,- აღნიშნავს კახა.