გურჯაანის ყველაწმინდასა და სოფელ ფხოველს შორის, საფეხმავლო მარშრუტი და მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
ევროკავშირის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პატრონაჟით პროგრამის „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში დაფინანსებული მუნიციპალური ინტეგრირებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ წარადგინა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფელ გურჯაანის ყველაწმინდა – სოფელ ფხოველის 5,2 კმ-იანი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტის და მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას.
პროექტი ემსახურება გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტურიზმისა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს 4 რეგიონიდან: გურიის, იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთიდან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 100- მდე წარმომადგენელი.
ევროკავშირის 6.5 მილიონი ევროს დაფინანსებით, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს 1 მილიონი ევროს კონტრიბუციით, GIZ ახორციელებს 4 წლიან პროგრამას – EU4ITD – „ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“, რათა გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში – გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.
პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის “კატალიზირება”, დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად. პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები გამიზნულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების დაახლოებასა და თანამშრომლობას.