ახმეტაში 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს
ახმეტის მკვიდრი 15 წლის მოზარდი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, შემთხვევა 11 ივლისს ღამით, ქალაქის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, მოხდა. მოზარდი ჰყვება, რომ თხუთმეტამდე მეგობარი სეირნობდა და სკვერში გაჩერებას აპირებდა, რა დროსაც მათთან მოულოდნელად პოლიციის სამი ჯგუფი მივიდა და ერთ-ერთი მეგობრის დაკავება დაიწყო.
მოზარდი ამბობს, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათგან თავისი მეგობრის დაკავების მიზეზის დასახლება მოითხოვა. მოზარდმა პოლიციელთა სახელები და გვარები არ იცის, თუმცა ამბობს, რომ, სულ ცოტა, სამი მათგანის ამოცნობა შეუძლია.
„ჩემი ძმაკაცი რომ დააკავეს, მე ვიკითხე, რის საფუძველზე აკავებდნენ. პასუხი არ გამცეს… შემდეგ დამეჭიდნენ მაისურზე და რამდენჯერმე გამარტყეს. სამი ან ოთხი პოლიციელი მირტყამდა“.
არასრულწლოვანის თქმით, პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი რამდენიმე ვიდეო არსებობს, რომლებიც მეგობრებმა გადაიღეს. ვიდეოებში ჩანან კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც მას გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობას. მოზარდზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.
დამატებით დეტალებზე არც შსს-სა და არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში საუბრობენ.