ახალი ამბები

თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 23-30 სექტემბერს გაიმართება

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 23-30 სექტემბერს გაიმართება.

ფესტივალს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარებს, რომელიც ეძღვნება ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს. ფესტივალი თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრის სცენაზე გაიმართება და მსმენელებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ გამორჩეულ, მსოფლიო დონის შემსრულებლებს საფესტივალო ორკესტრის თანხლებით.

,,მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი, დავიდ ოისტრახის კვარტეტი, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები პიანისტი ჟან-ბერნარ პომიე, მევიოლინე ოლგა მარტინოვა, ჩელისტები ჰაუინგ ჩოი და იბაი ჩენი, ფლეიტისტი ირაკლი ევსტაფიშვილი.

საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი. ორკესტრის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტას“, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები.

და, როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები. გაიმართება უკვე ტრადიციული „საუბრები მუსიკაზე“,– აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.