სახალხო დამცველმა თელავში, ე.წ. სამხედრო დასახლება მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თელავში ე.წ. სამხედრო დასახლება მოინახულა და მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
„დღეს ვნახე როგორი მძიმე მდგომარეობაა სამხედრო დასახლებაში, სადაც მოსახლეობას ბინები დაკანონებული აქვთ, მაგრამ მიწა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაა. სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის არსებული გაურკვევლობის მიზეზით ვერ ხერხდება ვერც ინფრასტრუქტურული და ვერც საკომუნიკაციო პრობლემების მოწესრიგება. საბოლოო ჯამში კი, სანამ უწყებები თავიანთ ვალდებულებებში გაერკვევიან, მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, მიაქციონ ყურადღება სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ხალხს და მოსახლეობის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ამ და სხვა საკითხებზე სახალხო დამცველი დღესვე შეხვდა კახეთის გუბერნატორს გიორგი ალადაშვილს. სახალხო დამცველმა ასევე, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორი და შსს-ს კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია დაათვალიერა.